გაბუნია – შემთხვევების უდიდესი ნაწილი “დელტა“ შტამითაა გამოწვეული

გარდაცვალების მატების ყველაზე პირველი მიზეზი არის მაღალი შემთხვევები და ამ შემთხვევების მაღალ რაოდენობაში სულ მცირე 1% ვერ იმართება იმგვარად, რომ ლეტალური გამოსავალი თავიდან იქნეს აცილებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყოველდღიურად თუ 5000 ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის 50.

“ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე სამწუხაროდ, გარდაცვალება არის შემთხვევების 1%-ში მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად თუ 5000 ადამიანი ინფიცირდება, აქედან მოსალოდნელი გარდაცვალება არის 50 შემთხვევა. სამწუხაროდ, ამის აცილება უკვე დამდგარ შემთხვევებში შეუძლებელია. მოსალოდნელი მატება გარდაცვალების კუთხით შესაძლოა კიდევ იყოს მომდევნო დღეებში, რადგან როგორც იცით მოგვიანებით ხდება სიკვდილობის მატება. დამძიმებული შემთხვევები არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ყველაფერი კეთდება თუმცა, სამწუხაროდ, ეს გამოსავალი შესაძლებელია მაინც დადგეს. შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის “დელტა“ შტამით გამოწვეული. ზოგადად მსოფლიოში არის არაერთგვაროვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით რამდენად რეალურად იწვევს “დელტა“ შტამი სიკვდილიანობის მომატებას და არის გარკვეული მოსაზრებები იმაზე, რომ შესაძლოა, „დელტა“ შტამი უკავშირდებოდეს გაზრდილ სიკვდილიანობას. განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულებში, სადაც ძალიან სწრაფად ვრცელდება “დელტა“ ვირუსი მძიმე ფონური დაავადებების ფონზე უბრალოდ ვეღარ ხერხდება მზარდი რაოდენობით ინფიცირებული პირების გადარჩენა.

ჩაღრმავებული ანალიზი ტარდება მიმდინარე პერიოდში, მთელი რიგი საკითხებია გასათვალისწინებელი, ჩვენ გუშინაც გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან შეხვედრა და ეს ანალიზი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს სისტემას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში. პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, მაინც ვრჩებით 1,3-1,4%-ის ფარგლებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ძალიან საგანგაშოა და მიმდინარე პერიოდში ჩვენ კიდევ გვექნება ჩაღრმავებული ანალიზი ამასთან დაკავშირებით. გარდაცვალების მატების პირველი მიზეზი არის მაღალი შემთხვევები და ამ შემთხვევების მაღალ რაოდენობაში სულ მცირე 1% ვერ იმართება იმგვარად, რომ ლეტალური გამოსავალი თავიდან იქნეს აცილებული. დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობა და ის, რომ ეტიოტროპული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ, იწვავს იმას, რომ პაციენტების გარკვეულ ჯგუფში ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილება ვერ ხერხდება. შემთხვევების მართვის პრაქტიკა დღეს საქართველოში არის შესაბამისი ყველა იმ ცნობილ რეკომენდაციასთან, რომელიც მედიცინისთვის და მეცნიერებისთვის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში არის ცნობილი”, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, მოგვიწევდა საუბარი დისტანციურ რეჟიმზე გადაგვეტანა – გაბუნია
შემდეგი სტატიაზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად ახმეტაში ჩაიყვანეს