„ევროპული საქართველო“ დევნილებისთვის დახმარების 60 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გადაწყვიტა, დევნილებს დახმარება შეუწყვიტოს, რომლებიც კატასტროფულ პირობებში ცხოვრობენ.

ამის შესახებ ხოშტარიამ დევნილთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართულ სახელმწიფოს დევნილების მიმართ პოლიტიკური, მორალური და სოციალური ვალდებულებები გააჩნია, რაც იმ მიზერულ შემწეობაში გამოიხატება, რომელსაც დღეს სახელმწიფო უხდის და სამინისტრომ გადაწყვიტა, დევნილებს დახმარება მასიურად შეუწყვიტოს. იმისთვის, რომ არ დავუშვათ მათი სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება, გამოვდივართ კონკრეტული, კარგად დათვლილი საკანონმდებლო ინიციატივით, რომ შემწეობა არათუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს 60 ლარამდე. ასევე, გავზარდოთ შემოსავლის ზღვარი 1 250 დან 1500 ლარამდე“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

მისივე ინიციატივით, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დევნილებს 45-ლარიანი დახმარების მიღება უნდა შეეძლოთ.

„ეს არის მიზერი, რაც მათ არსებობისთვის სჭირდებათ. დევნილების საცხოვრებელი პირობები კატასტორფულია – სახლებში წვიმს, შემოდის კანალიზაცია და ამ პირობებში ცხოვრება წარმოუდგენელია. ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ „სახლებს თუ დაგიმტკიცებთ თქვენ აღარ გჭირდებათ შემწეობა“, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის მისვლას ითხოვს, რის შემდეგაც, დევნილებისთვის დახმარების გაზრდის საკითხს საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიხულორდავა: საქართველო ევროპულ თანამეგობრობაში თავის კუთვნილ, ისტორიულ ადგილს იბრუნებს
შემდეგი სტატია“ეს არის ქართული საზოგადოების მონაპოვარი” – ხოშტარია უვიზო მიმოსვლაზე