ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, საქართველოს საპატენტო კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა.

„ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებას, გააძლიეროს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტის წევრებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა წარუდგინა.

„წარმოდგენილ ცვლილებებს აქვს ორი ძირითადი მიზანი, ეს არის საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის, 2019 წელს გაფორმებული ვალიდაციის შეთანხმება, რაც გულისხმობს ევროპული პატენტების ვალიდაციის სისტემის დანერგვას და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასახვას ქართულ კანონმდებლობაში. ხოლო მეორე ძირითადი მიზანი ეს არის საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან და ასევე, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა, საქართველოში საპატენტო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს საქართველოში სამრეწველო საკუთრების დაცვას. ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრაციას. ნინო ჩიქოვანის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა, ასევე, გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც საქართველოს „საპატენტო კანონის“ მიხედვით ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ვალიდირებული ევროპული პატენტით, EPO-ს მიერ მისი გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან, განმცხადებელს ისეთივე უფლებები მიენიჭება, როგორიც მიენიჭებოდა საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად ეროვნული პატენტის საფუძველზე.

განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი, ვალიდირებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უცხოელ განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას.

„დღესდღეობით საქართველოში არის გამოგონებაზე პატენტის მიღების ორი გზა . ეს არის – „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი და საერთაშორისო EPC სისტემა, როდესაც ხდება საერთაშორისო განაცხადით საქართველოში პატენტის მიღება. ამ ყველაფერს ემატება მესამე გზა და ეს არის ევროპული პატენტების ვალიდაცია. უცხოელი განმცხადებლისთვის ეს იქნება უფრო იაფი და მარტივი გზა და მათ ექნებათ იმის გარანტია, რომ საკუთარ გამოგონებაზე პატენტს და მის დაცვას საქართველოშიც ევროპული სტანდარტით მიიღებენ. ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება იქნება ევროპის საპატენტო კონვენციასთან საქართველოს მიერთების დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს გაწევრიანება ევროპის საპატენტო უწყებაში“, – განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი უკრაინას დამატებით „კეისრის“ თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესი რჩება, სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება – ზურაბიშვილი