ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სამიტის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი მითითებული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპული საბჭოს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყოვნებლივ“.

რეზოლუციის თანახმად, ისინი ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას, ცალსახად წარმოაჩინონ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიციები, დააჩქარონ რეფორმები, რათა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკამაყოფილონ.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, და მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, გადადგას მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეეების ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებად.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რომელიც როგორც არასდროს გეოსტრატეგიული ინვესტიციაა სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროკავშირში.

რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის სრული წევრობის პერსპექტივა, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ კავშირის წევრები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებში.

ამასთან, ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, როგორც კი შეასრულებს საჭირო რეფორმებს; დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიღება არ მოხდება; გაწევრიანება მოხდება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ; ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირის ინტერესში შედის“.

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებას წინ უსწრებდა გუშინდელი დებატები ევროპარლამენტში.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღე
შემდეგი სტატიახოშტარია: სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული