„ევროკომისრებთან ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით წარსდგება“ – ნატალი საბანაძე

ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობის წევრები ევროკომისრებთან თემატურ შეხვედრებს სამ ჯგუფად გამართავენ და კონკრეტულ წინადადებებს წარადგენენ.

„საუბარი იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე, ე.წ. კლასტერზე. პირველი მიმართულება არის ყველაზე ფართო, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობას. ამ კუთხით არის კონკრეტული წინადადებები. გამოყოფილია ის მიმართულებები, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მოხდეს ექსპორტის წახალისება ევროკავშირის ბაზარზე, ინვესტიციის წახალისება, სატრანსპორტო კავშირების გაბმა.

მეორე მიმართულება არის განათლება, მეცნიერება და კულტურა. აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ უკეთესი პირობები იყოს, მაგალითად, Horizon-ის პროგრამაში ჩართულობის კუთხით; წახალისებული იყოს სამეცნიერო გაცვლა. განხილული იქნება ზოგადად საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანის საკითხი.

მესამე მიმართულება იქნება კონცენტრირებული უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იქნება Eurojust-ში (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) გაერთიანებაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე“ – აცხადებს ნატალი საბანაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში, იმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიანავთობზე ფასი ვარდება