ევროკავშირი: მოსამართლეების დანიშვნები ეწინააღმდეგება აღებულ ვალდებულებას

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უშიშროების პოლიტიკის წარმომადგენლობის სპიკერი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეების დანიშვნები მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით”, – წერია განცხადებაში.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი – ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია
შემდეგი სტატიაე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი ამბობს, რომ პროცესზე ექსპრეზიდენტის მიმართვა “აღიარება” იყო