ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტმა, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო

რუსული დელეგაციის მცდელობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო. “უსაფრთხოება და ადმიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – ასეთია რეზოლუციის პროექტის სახელწოდება.

22 პუნქტიან რეზოლუციაში, რომელშიც საუბარია უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაწვრილებით არის აღწერილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე საუბარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებებზე, მკვლელობებზე, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე.

რეზოლუციას ხვალ კენჭი ასამბლეის სხდომაზე უნდა უყარონ. ხმათა უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კი დოკუმენტი ლუქსემბურგის საბოლოო დეკლარაციაში მოხვდება.

ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ რუსული დელეგაცია ცდილობდა, ხელი შეეშალა პროცესებისთვის და რეზოლუციის პროექტი არ გასულიყო კომიტეტის სხდომაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს საქართველოს დაკავშირებულ რეზოლუციას.

„მთავარი გზავნილი, აქ, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები, განსაკუთრებული აქცენტი წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე იყო. ის, რომ ძალიან რთული ვითარებაა ადამიანის უფლებების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხრიდან, ძალიან მძიმე შეფასებები მოვიმისმინეთ, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის და გვქონდა ყველას ძალიან პრინციპული პოზიცია,“ – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომაზეც, საქართველოსთვის მნიშვნელოვანმა რეზოლუციამ პირველი ეტაპი გაიარა, თუმცა იყო წინააღმდეგობებიც.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანმა რეზოლუციამ, გაიარა ერთი ეტაპი, საკმაოდ მძიმე ეტაპი იყო, ბევრი შემოტევა იყო. ახლა რჩება ბუნებრივია, მთავარი მომენტი, როდესაც უკვე პლენარულმა სხდომამ, მთლიანად ასამბლეამ უნდა უყაროს კენჭი და ვფიქრობთ, რომ ასევე იქნება წინააღმდეგობა, ასევე იქნება გამოსვლები ამის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ადამიანების უფლებები არ არის დაცული და რთულად და უხეშად ხორციელდება, რასაც რუსეთი ახორციელებს. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ იმისთვის და ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვეყოლება იმისთვის, რომ საბოლოოდ კენჭი ეყაროს და იყოს დამტკიცებული,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

დიდი ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე, მარკ პრიტჩარდი იმედის გამოთქვამს, რომ რეზოლუცია ლუქსემბურგის დეკლარაციაშიც შევა.

„მოხარული ვარ, რომ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მივიღეთ. იმედგაცრუებული ვრ, რომ გერმანიის დელეგაციამ თავი შეიკავა. რუსეთისგან, რა თქმა უნდა, ველოდით რომ წინააღმდეგი წავიდოდა და ეს ასეც მოხდა. მაგრამ, მოხარული ვარ, რომ მიმდინარე ოკუპაციას ხაზი გაესვა. რადგან, ეს არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია და მართებულია, რომ ასეთი ადგილებიდან, საერთაშორისო გაერთიანებას შევახსენოთ რუსეთის შეჭრის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ,“ – განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.

banner
წინა სტატიაშიშეკვეთილში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2” არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს – ნიკა გვარამია