ანა ბიბილაშვილი: ეს პროცესი, უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირებ

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესები დაიწყო. გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს პროცესი, უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. პირველადი ვარაუდებით მინიმუმ 100 000 მეტრ კუბ მიწის მასას, რომელიც ერთიანად დაიძრა. აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელმაც ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა ფერდს და გახდა მეწყრული პროცესების გააქტიურების სავარაუდო გამომწვევი მიზეზი.
გეოლოგები, დარგის სპეციალისტები და არქიტექტორები წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალაქის მართვა ხდება გაუაზრებლად იმდენად რომ დედაქალაქის მერია ვერ იცავს ვერც განაშენიანებას, ვერც ლანდშაფტს და ვერც მოქალაქეებს. სწორედ ეს გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკა ანგრევს თბილისს. საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ნებისმირი ტიპის ჩარევა ბუნებრივ პროცესებში, თუ ის არ ეყრდნობა ძალიან დიდი სიზუსტით შესრულებულ საპროექტო და კვლევით სამუშაოებს. ჩვენს რეალობაში კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება ისე, რომ ხშირად არ არსებობს შესაბამისი კვლევები და მასალები რომელიც პროექტისთვის მზადდება ზოგჯერ მხოლოდ ფორმალური შინაარსისაა. სამწუხაროდ გახშირდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე თვალის დახუჭვის შემთხვევებიც, რაც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, რადგან ნებისმიერი თვალის დახუჭვა შეიძლება ქალაქს მორიგ ტრაგედიად დაუჯდეს.
არ შეიძლება მუდმივად ხანძრისქრობის რეჟიმში ვიყოთ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევებზე, მეწყრებზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგად შექმნილ პრობლემებზე ვრეაგირებდეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიღოს მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა პასუხისმგებლობის ტვირთი, შეიმუშაოს მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის სტანდარტი და უზრუნველყოს ამ ხარისხის დაცვა. არა „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად, რადგან სამშენებლო გადაწყვეტილებები გრძნობებს და ვარაუდებს კი არა ანგარიშებს და კვლევებს ეფუძნება, ყველაფერი დათვლადი და გათვლადია. სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი შესაბამისი სამსახურებისთვის.
აღსანიშნავია რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების არეალი, თბილისის გენ-გეგმით გეოდინამიკური საფრთხეების რუკაზე მონიშნულია, როგორც მაღალი საფრთხის შემცველი. ასევე გენ-გეგმა განმარტავს რომ თბილისის ტერიტორიაზე ასეთი არეალები განისაზღვრა მხოლოდ ზოგადი კვლევით, ამდენად ამ არეალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისთვის ფერდის მოჭრისას საფრთხის შეფასება და შესაბამისი დამცავი და მაკომპენსირებელი ზომების განსაზღვრა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სპეციალური კვლევების საფუძველზე.
ჩნდება კითხვა რა სამუშაოები და კვლევები იქნა ჩატარებული დღეს არსებული საფრთხის პრევენციისთვის?
როგორც ჩემთვის ცნობილია ამჟამად პრობლემაზე სამუშაოდ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური სპეციალისტები და ეს ადამიანები ცდილობენ დაჩქარებულ ტემპებში მოძებნონ გამოსავალი. თუმცა ამის შესახებ განცხადებას პირველ რიგში მერია უნდა აკეთებდეს, აღიარებდეს შეცდომას და არწმუნებდეს ქალაქის მაცხოვრებლებს რომ ისინი უსაფრთხოდ არიან და უახლოეს პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იქნება საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
სამწუხაროა ტენდენცია რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ყოველთვის მომხმარებელივით ექცევიან ქალაქს. აკეთებენ დაშვებებს, რისკავენ, ანგრევენ და ანადგურებენ თბილისის ავთენტურ იერსახეს და აქ იგულისხმება როგორც ურბანული ქსოვილი ისე დედაქალაქის ლანდშაფტური ხასიათი. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ რომ ეს ქალაქი ჩვენი ყველასია და უნდა გავუფრთხილდეთ-აცხადებს ურბანისტი ანი ბიბილაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურული: გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასობრივი ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია
შემდეგი სტატია,,მერანი 2 ” რეგიონ ლიგის ჩემპიონია