„ეს მოძრაობა დაასრულებს კლანური მმართველობას სასამართლოში“ – იუსტციის საბჭოს საწინააღმდეგო აქციას ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილიც უერთდებიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან სამოქალაქო სექტორის აქცია დასრულდა. საბჭოს მოსამართლე წევრების წინააღმდეგ აქციას საბჭოს არამოსამართლე წევრებიც შეუერთდნენ.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ პირები, რომელთა გადადგომასაც არასამთავრობოები ითხოვენ, დიდი მორალური პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან.

„მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭოს მდივანი ურცხვად აცხადებს, რომ ის იმსახურებს სისტემაში დარჩენას და უნდა კარიერის დაგეგმვა, მაშინ, როდესაც მურუსიძე ინიშნება უვადოდ, მაშინ როდესაც ჩინჩალაძეს აქვს პრეტენზია, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ალბათ, შემდეგ თავმჯდომარეობასაც მოისურვებს, არ მაქვს იმედი, რომ ამ ადამიანებს მორალური პასუხისმგებლობა შეაწუხებთ და გადადგებიან. ამიტომ არ ვიცი, რა შედეგები მოჰყვება ამ მოთხოვნებს, მე, როგორც საბჭოს წევრი, გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, რადგან საბჭოს წევრი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვინ მართავს სასამართლო სისტემას“ – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ იწყება მოძრაობა, რომელიც დაასრულებს სასამართლოში კლანურ მმართველობას.

„ეს არის დასაწყისი მხოლოდ მოძრაობისა, რომლის მიხედვითაც, დამთავრდება კლანური მმართველობა სასამართლოში და სასამართლოში ჩვენ შევიყვანთ სუფთა, დამოუკიდებელ ადამიანებს, რომლებიც დაემორჩილებიან მხოლოდ სინდისსა და კანონს,“-აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზედამხედველობის სამსახურის უფროსს უყურადღებობაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი : მთავრობაში ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროება არ არის