ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება – ვანო მერაბიშვილის ადვოკატი

„ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება,“ – ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. ევროსასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

ადვოკატის თქმით, მერაბიშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცის. ჩივიაშვილი მასთან შესვლას და დეტალებზე საუბარს ხვალ შეძლებს და მის პოზიციასაც გაახმოვანებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი იყო ჩამოცილებული პოლიტიკური პროცესებისგან, აღნიშნული დაკავების საფუძველზე. მეთვრამეტე მუხლი ნიშნავს იმას, რომ მისი დაკავების საფუძველი არ გამომდინარეობდა იმ აუცილებლობიდან და არ გამომდინარეობდა იმ მტკიცებულებებიდან, რომელიც პროკურატურას გააჩნდა. ანუ მოხდა მისი ჩამოცილება სხვა მიზნების გამო. დღეს ჩვენ გვყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი,“ – აცხადებს ჩივიაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.

„ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს მისი გათავისუფლება. ეს რა ვადებში მოხდება, რა პროცედურით მოხდება, ამას გააკეთებს პრეზიდენტი თუ ამას გააკეთებს აღმასრულებელი ხელისუფლება ძნელია ამაზე ლაპარაკი. ფაქტი ერთია დღეს საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაში„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ჩვენი მხრიდან ალბათ არასწორი იქნება“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე – შეუძლებელია, მას მისჯილი აქვს