ერთობლივი ვიზიტი და მხარდამჭერი რეზოლუცია – ოპოზიციის ერთობლივი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით

პარლამენტში ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაასრულეს. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა პროექტის ინიცირება და შემდგომ სასესიო კვირას ერთობლივი მხარდაჭერით მიღება შეძლონ.

“ვითხოვთ “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების იმისთვის, რომ აუცილებელია ამ ვითარებაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში, შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული ზომები და ასევე კონკრეტული ინიციატივები, რაც შეიძლება საპარლამენტო დონეზე ჩვენ გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად”, – თქვა თეონა აქუბარდიამ.

გარდა რეზოლუციისა, ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართოს კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო კომიტეტთან. ხატია დაკანოიძის თქმით, საგარეო კომიტეტზე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა მივიდნენ, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრებენ.

“აუცილებელია უახლოეს პერიოდში ჩვენ ერთობლივი ვიზიტი, უმრავლესობის და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სახელით განვახორციელოთ კიევში, რაც იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის პარალელურად მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს”, – თქვა დეკანოიძემ.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ უახლოეს დღეებში უნდა შეთანხმდეს 2 რეზოლუციის ტექსტი – უკრაინის მხარდაჭერისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. მისი თქმით, ნათელი უნდა გახდეს ყველასთვის, რომ ჩვენი არჩევანი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

“მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, გაუგებარია, რომ დღემდე არ იქნება მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა, მაშინ როდესაც შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც პირდაპირ ურტყავს ჩვენ ქვეყანას.

მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს გაფართოებულ ფორმატში შესაბამისი საბჭოს სხდომა, მიიწვიოს ამ საბჭოს სხდომაზე მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი სახელმწიფო, ერთი ქვეყანა”, – თქვა სამადაშვილმა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ უკრაინისთვის ამ მძიმე დროს, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთიანობა უნდა აჩვენონ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიარუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა ვნახეთ საქართველოშიც – სენატორი შაჰინი