ერთადერთი გზა, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ახალი ამბები, არის ის, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ გარეთ გასვლა და ამბების გაშუქება თავდასხმის, შევიწროებისა და დაშინების გარეშე – დეგნანი

ეს არის შეხსენება, თუ რატომ ვართ ასე შეშფოთებული მოსმენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ სხვებსაც საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოსი აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც კელი დეგნანი ამბობს, სწორედ ამიტომ საელჩომ პარლამენტს მოუწოდა, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება, რომელიც დეგნანის თქმით, არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას.

„სწორედ ამიტომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოს მოვუწოდეთ, გადადოს მოსმენების შესახებ ბოლო კანონის დამტკიცება, რომელიც არ შეესაბამებოდა საუკეთესო პრაქტიკას ან ევროკავშირის კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სრულ გამოძიებას შემოდგომას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, დიპლომატებისა და სხვების მოსმენას ეხებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების საკითხად რჩება ყველა ჩვენგანისთვის, ვინც მიისწრაფვის თავისუფალი და ღია საზოგადოებისკენ საქართველოში, სადაც ადამიანები არ უნდა ღელავდნენ ისეთი მოსმენების გამო, როგორიც ხდება ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, აშშ-სთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ის ასევე პრიორიტეტი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

„მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-სთვის. მიმდინარე კვირის დასაწყისში შევხვდი ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს საქართველოში მედიის თავისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ. ეს იყო აზრთა ძალიან კარგი გაცვლა, ასევე ძალიან გამომაფხიზლებელი შეჯამება იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში ჟურნალისტები განიცდიან, მათ შორის თავდასხმებსა და შევიწროებას, რაც მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ზუსტი ახალი ამბები, არის ის, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ გარეთ გასვლა და ამბების გაშუქება თავდასხმის, შევიწროებისა და დაშინების, შიშის გარეშე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აშშ-ის საელჩოსთვის და ვფიქრობ, ეს უნდა იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნებისმიერი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია
შემდეგი სტატიასამომხმარებლო სესხის რეფინანსირება უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია შესაძლებელი