ექსკლუზივი: „ქართული ოცნების“ სიაში ნინა კობახიძეს და ირმა დაუშვილს ვიხილავთ?

რვა წელი ხელისუფლებაში რომ ხარ და მესამე წრეზე წასასვლელად საარჩევნო სიის შედგენა პრობლემად გექცევა, უნდა დაუჯერო მრჩევლებს მეგობარი ქვეყნებიდან და უნდა წახვიდე. და წახვალ პარაშუტით – არც შინ და არც გარეთ, არავინ მოგთხოვს ჩადენილი დანაშაულის, თუ გადაცდომის გამო, პასუხს.
მაგრამ არა, წასვლა არ გინდა.
კედელს შუბლით გაიტან, ოღონდ დარჩე, მნიშვნელობა არა აქვს ტალახს გესვრიან, თუ გაგინებენ, მთავარია დარჩენა – პრესტიჟის საქმეა.
ჰოდა, მიუყვება კუდიგორის გზას „ქართული ოცნება“ – ტალახით, გინებით, ლანძრვით, „ნამდვილებითა“ და „შემოპარულებით“ – მსოფლიოში სხვა ხელისუფალს ვერ ნახავთ, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალად დამნაშავეთა კასტას აცხადებდეს, ე.წ. კოჰაბიტაციის „წესრიგს“ უდგენდეს, რეჟიმისაგან გატანჯულ ხალხს უყურებდეს თვალებში და ურცხვად ეუბნებოდეს – ეს არის თქვენი დაკვეთა.
„ოცნებამ“ იცის საოცნებო უმრავლესობას ვერ მიიღებს – გამორიცხულია.
„ოცნებამ“ შეიძლება ისიც იცის, რომ ძალიან მალე, არჩევნებამდე ბიძინა „ჩაჩოჩდება“ – არ იქნება მიშა, არ იქნება ბიძინა და იქნება სხვა…. ვინ იქნება ამას რა მნიშვნელობა აქვს, ქართველი ხალხი დიდი ხნის წინ მიეჩვია – სხვები წყვეტენ ერის გადასაწყვეტს.
მაგრამ „ოცნებას“ უნდა, ძალიან უნდა, ამიტომ „კარდაკარის“ პრინციპით დადის, დადის და პოულობს.
„თაიმერისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოცნების სიაში ვიხილავთ ნინა კობახიძეს. თურმე ძალიან უნდა ნინას დეპუტატობა, აი, ზუსტად ისე, როგორც ენძელას უნდოდა და მავანთა კარი აატალახა. ნინას „ატალახება“ არ სჭირდება – ნინამ თქვა და დაეთანხმნენ. აი, მთავრობის ადმინისტრაციიდან წამოსვლის შემდეგ არ დავღუპულვარო, ამერიკის ელჩთან ვმეგობრობო. აი, ნათელა (ნათია) თურნავას დაქალი ვარო. აი, ისაო, ესაო – ასე აპირებს ნინა (ახალგაზრდობაში ნინო) დამკაში გასვლას. გავა, აუცილებლად. ის ხომ ბიძინას მეგობარია, „ნახოდკა“, საუკეთესო კადრი. ეს ის ნინაა, რომელიც „წიხლით კარს უღებდა“ მინისტრებს, განსაკუთრებით, როგორც ამბობენ, მაია ცქიტიშვილს „ჰყვარობდა“, ტენდერებს კი არა, სრულიად საკადრო პოლიტიკას აკონტროლებდა, სხვათაშორის, თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც. არადა, ვინ იყო? თითქოს არავინ – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მოადგილე ღმერთსაც კი არ უყვარს, მაგრამ ნინა მის უფროსს უყვარდა – ყველა ვერ სვამს ჩაის „იმასთან“ ერთად.
მოკლედ, დატოვა ნინამ მოადგილის სკამი და უცებ მოევლინა ამ სამყაროს დავით ბეჟუაშვილის მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფ GIG-ში. ახლა ერთი, თითქოს არაფერი დეტალი: ძმები ბეჟუაშვილები იციან, ვიცით, ამიტომ არ შეგაწყენთ თავს. აქ მთავარი დეტალი ნინა კობახიძეა.
„ქოცების“ ბუა „ნაცების“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მომხრე დავით ბეჟუაშვილი, 2019 წლამდე ფლობდა ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოს. ეს ის საბადოა, სადაც წელიწადში რამდენჯერმე იღუპებოდნენ მუშები, იმიტომ რომ საბადოს დაცვის სისტემა არ უვარგოდა, მოშლილი იყო ტექნიკა. მიუხედავად იმისა, ე.წ. ინვესტორ ბეჟუაშვილს ვალდებულება ჰქონდა მეშახტეებისათვის სამუშაო პირობები შეექმნა, ეს მან არ გააკეთა. მეტიც, მუშებს ხელფასს თვეობით უგვიანებდა. ნინა 2017 წელს „ჩასახლდა“ ბეჟუაშვილების ბიზნესში. ამავე წელს ტყიბულში 5 მეშახტე დაიღუპა. მომდევნო წელს 6 დაშავდა 4 დაიღუპა. შემდეგ კიდევ რამდენიმე და ბეჟუაშვილი მიხვდა – შახტი მისთვის წამგებიანი იყო და სახელმწიფოს „გადაულოცა“.
2017 წელს „ფორბსი“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც ნინა კობახიძის სახელმწიფო სამსახურიდან წასვლას უკავშირდება. სტატიაში ვკითხულობთ: “ამერიკას თუ ელაპარაკები, მსხვილი ქართველი პარტნიორიც უნდა გყავდეს”, – ასე მოკლედ და მარტივად მიხსნის ნინა კობახიძე მსხვილი ბიზნესგარიგებების ლოგიკას. არც აქ აქვს სუსტი წერტილი. დათო ბეჟუაშვილის მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფი – GIG – ახალი წამოწყების ქართველი პარტნიორია. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 3000-ზე მეტი თანამშრომლით და როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესკომპანია – კომბინირებული წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. ნინა კობახიძის წამოწყება 20-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაში მაშინვე ჩაეწერა, რადგან მზარდი და მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად, GIG მუდმივად ცდილობს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან, ეკონომიკურად გამართლებულ და მაღალი პროდუქტიულობის მქონე პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას“.
ვფიქრობთ აქ კომენტარი ზედმეტია – ხალხი ბრძენია, ხალხი თავად გამოიტანს დასკვნებს.
ნინასთან ერთად, როგორც ამბობენ, „ქოცნების“ სიაში ვიხილავთ ირმა დაუშვილს. ნინა ყველამ იცის, ნინა ნინაა, დიდი ქალია, დედამიწის ქართულ ნაწილს ატრიალებდა კარგა ხანს, ბოლოსდაბოლოს, მაია ცქიტიშვილთან ერთად, ყოველ დილით ბიძინასთან მიირთმევდა ჩაის, მაგრამ ქ-ნი ირმა შეიძლება ბევრმა არ იცის. არადა, უნდა ვიცნობდეთ.
„ირმა დაუშვილი – ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია – ,,Women for Tomorrow”-ს ბორდის წევრი. 1996 წლიდან არის კომპანია ‘’დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ამავდროულად არის დასასვენებელ კომპლექს ,,ნუნისი“-ს დამფუძნებელი. ირმა დაუშვილი არის სამმხრივი კომისია – მთავრობა, დამსაქმებლები, პროფესიული კავშირების – პროფესიული განათლების კომისიის წევრი. ასევე, დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი. სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგში“ – მშვენიერია, ვერაფერს ვიტყვით.
„ბოროტ ხმებს“ არ უნდა დავუჯეროთ, ბოროტი ხმები ამბობენ ირმა იხდისო და თან სოლიდურ თანხასო – ჩვენ არ გვჯერა. „ქართული ოცნება“ სანთლით მოძიებულ ნანინანატრ კადრს არ „ჩაფცქვნის“ – უხერხულია.

თაიმერი

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბათუმში დაკარგული არასრულწლოვანი მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება