ექსკლუზივი-ენგურჰესის კაშხალში ოქროს ეძებენ?

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გვამცნო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით იანვარში ენგურჰესი გაჩერდებოდა. ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 იანვარს დაიწყო. როგორც „თაიმერმა“ გაარკვია სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად ენგურჰესის კაშხალში ოქროს საძიებო სამუშაოებიც ჩატარდება.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ 26-27 იანვარს კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეყვანილი იქნა სპეცტექნიკა ე.წ. კონტეინერები, რომლითაც აპირებენ ოქროს მოძიებას.მოსახლეობის ინფორმაცია ენგურჰესზე მომუშავე პერსონალმაც დაადასტურა.

-მუშების საუბარი მოვისმინეთ, ამბობდნენ ოქრო უნდა მოვიძიოთო. ადგილზე იმყოფებიან დაცვის პოლიციის წარმომადგენლებიც, -ყვებიან ჩვენთან საუბარში ენგურჰესის სიახლოვეს მაცხოვრებლები.

ენგურჰესის კაშხალში რომ ოქრო იყოს, ამაში გასაოცარი არაფერი იქნება. მდინარე ენგურს ოქრო რომ ჩამოაქვს, ეს მეცნიერულად არის დადასტურებული. მესტიის რაიონის სოფელ იელში სწორედ მდინარე ენგურში მოიპოვებენ ადგილობრივები ძველი მეთოდით ოქროს.

ჩვენ დავუკავშირდით იელის მაცხოვრებლებს და ვკითხეთ რამდენად რეალურია ენგურჰესის კაშხალში ოქრო იყოს. მათი თქმით, კაშხალში შესაძლოა ძალიან ბევრი ოქრო აღმოაჩინონ.

– ოქრო მდინარე ენგურს ჩამოაქვს. ეს მდინარე ამარაგებს ენგურჰესსაც და დიდი ალბათობით იქ ბევრი ოქრო იქნება. მდინარეს კაშხალში ქვიშაც ჩააქვს, ოქრო ამ ქვიშასთან ერთად მოდის. ზოგ შემთხვევაში ოქროს შავი ფერი აქვს, მაგრამ სპეციალისტიები იოლად გაარჩევენ ოქროს მიწისგან. ენგურს ძირითადად 999 სინჯის სუფთა ოქროს ნაწილაკები ჩამოაქვს. ეს ოქრო კაშხალის ტერიტორიაზე ქვიშის ქვეშ იქნება .მოქცეული. ოქრო როგორც წესი დაბლა ილექება და მას ქვიშა ზევით ამოსვლის საშუალებას არ აძლევს. სპეციალური დანადგარებით გაფილტრავენ ამ ქვიშას და ოქროსაც იპოვიან, – გვითხრეს იელის მაცხოვრებელებმა,

მათი განმარტებით, ოქროს მოსაპოვებლად ყველაზე კარგი სეზონი ახლაა.

_ ჩვენ ოქროს ენგურში ძირითადად დეკემბერ-იანვარში, წვიმასა და თოვლში ვეძებთ. ზაფხულში მდინარეს ოქრო არ ჩამოაქვს, – ამბობენ სვანები.

ჩვენ არაფერს ცუდს იმაში არ ვხედავთ, თუ კაშხალში დალექილი ოქრო იქნება მოძიებული. ოღონდ ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და არა ვიღაც კერძო პირმა. თავად ოქროც სახელმწიფოს საკუთრებაა.

ვისაც ეჭვი გეპარებათ ენგურის ქვიშრობებში ოქროს არსებობაზე გეტყვით, რომ ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იქნა მეცნიერულად დადასტურებული.

მაგალითად, 1824 წელს, კრიჟანოვსკი და ვოსკობოინიკოვი ოქროს საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ დასავლეთ საქართველოს საზღვრებში და მათ შორის სვანეთის მადნიან რაიონში. 1845 წელს მათ მიერ მდ. ენგურის მარჯვენა შენაკადის ჩერეხის შესართავთან ნაპოვნი იქნა ოქროს მადნის პირველი ნიმუშები.

1850 წელს, ინჟინრებმა ტომოლოვმა და ვეკტიბეკოვმა ჩაატარეს ოქროს საძიებო სამუშაოები მდ. ენგურის ხეობაში. 1855 წელს, გამოვიდა აკადემიკოს აბიხის ნაშრომი, რომელიც ეხებოდა ოქროს გამადნების საკითხებს კავკასიაში.

1866 წელს, კასტინგმა გარეცხა ქვიშები მდ. ენგურის კალაპოტში, ამასთან დაადგინა ოქროს საშუალო შემცველობა 12 წილი 100 ფუთ ქვიშაზე. 1877 წელს, სიმონოვიჩმა დაადასტურა ოქროს არსებობა მდ. ენგურის ქვიშრობებში.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშითურნავა სააკაშვილის მიერ ვაქცინის შეთავაზებაზე: ეს არის არასერიოზული გამონათქვამი
შემდეგი სტატიაშეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირების თაობაზე