შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირების თაობაზე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის გასაქრობად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები ხორციელდება. ცალკეულ მეცნიერთა მოსაზრებით, ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, მიყენებული ზიანი იმდენად გამანადგურებელი შედეგის მქონეა, რომ უმეტესწილად მისი გამოსწორება და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის პირვანდელი სახის აღდგენა, შეუძლებელია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრა აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა.
შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა და იგი ნაწილობრივ ონლაინ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ და საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს იურისტებმა – თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა თამაზ სანიკიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო დოლიძემ, სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ილონა გრიგოლიამ.
როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა იურისტებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კვალიფიციურ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიმუშავეს. ცვლილებები შეიძლება შეტანილიქნას სისხლის სამართლის კოდექსში და კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
დღევანდელი შეხვედრაზე ნიკოლოზ ანთიძეს პროექტის დეტალები გააცნეს, რომელმაც ძირითადად გაიზიარა ცვლილებების აუცილებლობა.
საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მორიგი შეხვედრა საკანონმდებლო ცვლილების შესაჯერებლად, უახლოეს ორ კვირაში გაიმართება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მომზადებულ კანონპროექტს საკანომდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარადგენს.