ექსკლუზივი-დიდი ომი „ოცნებაში“-ხაინდრავამ კალაძეს დეპუტატები აუმხედრა

ოპოზიციის და დასავლეთის მიერ პოლიტიკურ ანათემას გადაცემულ „ქართულ ოცნებას“, გუნდის შიგნითაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მაჟორიტარების „ამბოხზე“ არ გვექნება საუბარი, ამ ზღაპრის ხომ ბავშვებსაც არ სჯერათ.
„ქართულ ოცნებაში“ არსებობს შიდა დაპირისპირება, რომელიც კახა კალაძის გუნდიდან წასვლით შეიძლება დასრულდეს.
გუშინ, 26 ნოემბერს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, ის ერთ დღეს თავის გუნდთან ერთად ოპოზიციაში გადავიდეს. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თბილისის მერის ეს განცხადება გადაფარა.
არადა, კალაძე შეიძლება მართლა წავიდეს. ბევრი მეოცნებისგან განსხვავებით, მას თავისი გუნდიც ყავს და რაც მთავარია, საკუთარი ფინანსებიც გააჩნია.
მისი ეს განცხადება ერთგვარი გაფრთხილება იყო. მან ბიძინა ივანიშვილი და თანაგუნდელები გააფრთხილა.
მისი წასვლა-არწასვლის საკითხი ახლა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. ამბავი რომელიც „ოცნებაში“ შეიძლება დიდი განხეთქილების მიზეზი გახდეს, მთავარმა მეოცნებემ უნდა გაარჩიოს.
როგორც „თაიმერს“ „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო უყვება, ბიძინა ივანიშვილმა ერთი მიწის ნაკვეთის ამბავი უნდა განიხილოს, რომელიც თითქმის გოგა ხაინდრავას საკუთრება ხდებოდა, მაგრამ თბილისის მერმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
კახა კალაძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამ ნაკვეთის ხაინდრავასთვის გადაცემაზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნაკვეთი დიღომში მდებარეობს.
სანამ მთავარი მეოცნებე საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს, ხაინდრავამ სცადა თავადაც გაესწორებინა თბილისის მერისთვის ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ მისი საწინააღმდეგო განცხადება დღეს, 27 ნოემბერს, გაკეთდა. წინა დღით კი კალაძემ გუნდიდან შესაძლო წასვლა დაანონსა. დიდი ალბათობით კალაძემ იცოდა, რომ ხაინდრავა მისთვის ანგარიშის გასწორებას აპირებდა და მმართველი პარტია გააფრთხილა.
27 ნოემბერს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კალაძის მსგავსი კორუმპირებული მერი თბილისს ჯერ არ ჰყოლია.
„მილანის“ ყოფილი მცველი ანგელოზი რომ არ არის, ეს თბილისში ბაღის ასაკის ბავშვებმაც იციან, მაგრამ აქ საინტერესო ისაა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი გოგა ხაინდრავას კადრია.
სწორედ გოგა ხაინდრავას რეკომენდაციით წარადგინა ის „ოცნებამ“ 2016 წელს მაჟორიტარ დეპუტატად.
გოგა ხაინდრავას კადრია ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი. „ოცნების“ კულუარებში გვითხრეს, რომ მალე თბილისის მერს ისიც დაარტყამს.
„ოცნებასთან“ დაახლოებული კიდევ ერთი წყარო „თაიმერს“ უყვება, რომ ბიძინა ივანიშვილს ხაინდრავასთან ურთიერთობა ცოტა ხნის წინ ლევან გოგიჩაიშვილის გამო გაუფუჭდა.
ეს უკანასკნელი ბოლო რამდენიმე თვეა, რაც „ოცნებას“ განუდგა და პარტიას დაუნდობლად ლანძღავს. „ამის გამო ბიძინა ძალიან გაბრაზებული იყო. მან ხაინდრავას უსაყვედურა კიდევაც, ეს ვინ მომიყვანეო“, – ამბობს ჩვენი წყარო.
მისვე თქმით, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ხაინდრავამ კონფლიქტების მოგვარება არ ჩაიბარა. რამდენიმე თვის წინ „ოცნებაში“ აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის საკითხი. მას ქეთევან ციხელაშვილის ადგილი უნდა დაეკავებინა.
კიდევ ერთი წყაროს დახმარებით „თაიმერმა“ გაარკვია, რომ ხაინდრავა-კალაძის დაპირისპირება მხოლოდ მიწის ნაკვეთის გამო არ დაწყებულა.
ალბათ გახსოვთ, გაზაფხულზე „დაიცავი საქართველომ“ რომ განაახლა თავის საქმიანობა. ფილარმონიაშიც შეიკრიბნენ ზარზეიმით. იქ „ოცნებაზე“ გულაცრუებული, მაგრამ ამავე დროს „ანტინაცურად“ განწყობილი ბომონდი იყო თავმოყრილი.
„დაიცავი საქართველო“ ივანიშვილთან იყო დაახლოებული. მას ხაინდრავა გაუწევდა კურატორობას. ამ მოძრაობისგან მესამე ძალა უნდა ჩამოყალიბებულიყო. ივანიშვილი მზად იყო კონტროლირებადი მესამე ძალის შექმნა სერიოზულად დაეფინანსებინა.
რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ საუბარი სამ მილიონ ლარზე იყო.
სამი მილიონი ივანიშვილისთვის პინგვინის გამოსაკვები ფულია, მაგრამ თბილისის მერმა ჩააგდო ეს საკითხი. მიზეზს „ოცნების“ კულუარებიდან არ გამოუჟონია. ფაქტი ისაა, რომ „დაიცავი საქართველო“ არავის აღარ ახსოვს.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხაინდრავას და კალაძის დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილი გაარჩევს. კალაძის წასვლა მას წესით არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ხაინდრავასაც ბოლომდე ვერ ელევა. აქედან გამომდინარე, მან ოქროს შუალედი უნდა მოძებნოს, რაც იოლი არ იქნება. არა გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მათგანი გაიწიროს.

შორენა მარსაგიშვილი

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – საქართველო ამ მძიმე წუთებში ალბანელი ხალხის გვერდით არის
შემდეგი სტატიაEdison Research: ივანიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას 64% უარყოფითად აფასებს