ელისო ჩაფიძე: თავი ისევ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად წარმომიდგენია

თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად, – ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე გახლავართ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, შესაბამისად მზად ვარ ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი საქმე იქ, სადაც პარტიის ინტერესები მოითხოვს. თუკი ჩემი პირადი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე არ ვიბრძვი არც საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად და არც ჩემი კოლეგებისთვის რაიმე ტიპის კონკურენციის გასაწევად. ყველაზე მეტად ეს მიუღებელია ჩემი ხასიათისა და ბუნებისთვის. საკუთარი თავი უფრო კარგად მაქვს წარმოდგენილი, კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, ამიტომ თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და არა იმ ადამიანად, რომელიც საარჩევნო სიით ეცდება პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ამასთან, დეპუტატმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა მინისტრების ნაწილს, მაგალითად კახი კალაძეს და დავით სერგეენკოს პოსტების დატოვება და საარჩევნო სიაში მოხვედრა შესთავაზონ. ელისო ჩაფიძის თქმით, ის მიესალმება „ისეთი დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანების“ ყოფნას ”ქართული ოცნების” სიაში, როგორიც არის კახი კალაძე და დავით სერგეენკო.

ამასთან, დეპუტატი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია არჩევნებამდე 40 დღით ადრე დაიდება.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკურ პარტიაში” საარჩევნო სიის წევრებს სარეიტინგო კენჭისყრით შეარჩევენ
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო დაზღვევის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის დამატებით ფინანსებს მოიძიებს