ელისაშვილი: ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში კითხვები გაუჩნდათ

ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დიპლომატების თვალთვალი ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია.

„მეგობარი და ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყნის სპეცსამსახურები ასე აღვირახსნილად არ უნდა იქცეოდნენ, არც საკუთარ მოქალაქეებს უნდა ექცეოდნენ ასე და მით უფრო არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი. პირდაპირ კონვენციების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია.

კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად რა თქმა უნდა, არ დაუბარებიათ ჩვენი ელჩი. არ მინდა, ყვავივით დავჩხაოდე საკუთარ ქვეყანას, არ მინდა საქმე ელჩის დაბარების იქით წავიდეს და კიდევ დავზიანდეთ, რადგან დაზიანდება ჩვენი ევროპული არჩევანი, პერსპექტივა და თითოეული ჩვენგანი დავზიანდებით. დაგვრჩება ერთი გახარებული რუსეთი და ის სუს-ი, რომელიც ასეთ საზიზღრობებს აკეთებს. თუმცა აქ კითხვა ისევ ბევრი რჩება, ავთენტურია, არაავთენტურია, ეს ინფორმაცია საიდან გამოვიდა, რა, როგორ, რანაირად, ამაზე გვინდოდა ზუსტად გვესაუბრა და სუს-ის ხელმძღვანელი დაგვებარებინა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ნამახვანჰესზე: სიბნელემ, უტვინობამ და უსამართლობამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა