ჯუანშერ ბურჭულაძე: ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო

სწორედ ის ღირებულებები, ის ურთიერთობა, რაც ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს უკრაინელ ძმებთან, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, დავანახოთ უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ საზოგადოებას, რომ მათ გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო არის პირველ ადგილზე და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. მინისტრმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს. მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც მივიდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი.

banner
წინა სტატიაშიომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციის ჯამური დანაკარგი დაახლოებით 21,9 ათასი ადამიანია
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენმა ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ს ელჩად წარადგინა