ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში თავმდგომად დედის შესვლას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი, იქნებოდა ეს „ვივამედი“, თუ ნებისმიერი სხვა მულტიპროფილური კლინიკა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი არ ყოფილა წამოყენებული.

ეკა ხერხეულიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე თანახმაა.

„ის თანახმა იყო, პირველივე შეთავაზებიდანვე გადასულიყო, რადგან ადამიანი რაციონალურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას, იცის, რომ ვითარება არის უკიდურესად კრიტიკული და ნებისმიერი დაკარგული საათი მის ჯანმრთელობაზე აისახება. გუშინ ადამიანების ნაწილმა ისე გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოყენებული იყო ულტიმატუმი, ეს ასე არ გახლავთ. მან მიიჩნია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მრავალსპექტრიანი ჩართულობა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, რათა გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან ადამიანების კატეგორია ეჭვქვეშ აყენებს მის ჯანმრთელობას. ახლა გახლავთ ის კონდიცია, რომ არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ სპეკულაციას, ვაჭრობას, ულტიმატუმებს, წინაპირობებს, ამ ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მთავარია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ის არის თანახმა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ამასთან, ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დამხმარე ადამიანი სჭირდება.

„ის ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს – კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია, შევიდეს ხოლმე მოსანახულებლად, ძალაში რჩება, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი, რომ მას სჭირდება დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ საკითხებში, რაც პაციენტს სჭირდება. არსებობს ასეთი ტერმინი – თავმდგომი და ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილი დედაზე უკეთესს სხვას ვერ მიიჩნევს.

ასევე, „ვივამედში“ გადაყვანა გახლავთ დროებით სტაბილური ვითარების მიღწევა. ის არ არის განმსჭვალული იმ რწმენით, რომ „ვივამედში“ განიკურნება, ის მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებელია გადასვლა, მაგრამ აუცილებლად მიიჩნევს ამ საკითხში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას, ვინაიდან მათ მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნა დადონ“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

წინა სტატიაშიუკრაინას აღსადგენად 500-დან 600 მილიარდ ევრომდე დასჭირდება – ევროკომისია
შემდეგი სტატიაჩეხეთმა რუსული არმიის დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა