ეკა გიგაური : მიუხედავად იმისა, რა აზრი ექნება გერმანიის ელჩს, ჩემი მოსაზრება სოფო კილაძესთან დაკავშირებით არ იცვლება, ის შორს არის ადამიანის უფლებების დაცვისგან

მიუხედავად იმისა, რა აზრი ექნება გერმანიის ელჩს, ჩემი მოსაზრება სოფო კილაძესთან დაკავშირებით არ იცვლება, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, სოფო კილაძე შორის არის ადამიანის უფლებების დაცვისგან და მისი კანდიდატურა გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად არ უნდა განიხილებოდეს.

„გერმანიის ელჩს შეუძლია, ქონდეს თავისი მოსაზრება და განსხვავებულ აზრი, ცხადია, ჩვენ არ ვებრძვით და არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რა აზრი ექნება გერმანიის ელჩს, ჩემი მოსაზრება სოფო კილაძესთან დაკავშირებით არ იცვლება. ვფიქრობ, ის შორს არის ადამიანის უფლებების დაცვისგან და მიმაჩნია, რომ მისი კანდიდატურა არ უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუმბერტ ქნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სოფო კილაძისადმი ბრალდების გამო შეშფოთება გამოთქვა.

საქმე ეხება 53 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლითაც ისინი გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად სოფო კილაძის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგებიან. არასამთავრობოები ამის მოტივად კილაძის საეჭვო გამოცდილებას და შერჩევის პროცედურის „ღიაობის დარღვევას“ ასახელებენ.

„ჩვენმა მისიამ ჟენევაში გადმომიგზავნა თქვენი კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის სახელით, რომელიც ეხებოდა გაერო-ს ბავშვთა დაცვის კომიტეტში წარდგენილ ქართველ კანდიდატურას. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, სოფო კილაძის მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო. სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს – განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმ ფაქტს, რომ ისინი ასრულებენ ღირებულ სამუშაოს სხვადასხვა საკითხებზე და მიზეზებზე, ასეთ დონეზე დაშვების ნაცვლად. გთხოვთ, ასევე, მენდოთ, რომ მისია ჟენევაში იღებს ადეკვატურ ინფორმაციას ამ და სხვა საელჩოებიდან, რათა თითოეულ წარმოდგენილ კანდიდატზე შეხედულების ფორმირება შეძლოს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს კომენტარს გადაუგზავნით იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც მოაწერს ხელის მიმართვას ჟენევაში მისიებს“, – აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ბოლო ერთ თვეში ჩემი მესამე ვიზიტია პარლამენტში, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელდება და ღრმავდება, ეს მიმართულება ფუნდამენტში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს