ე.წ. პიჯაკების საქმეზე ანზორ ჩუბინიძე დაიკითხება

ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელზეც პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება, სდსს-ს მოქმედი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე დაიკითხება.

როგორც თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარემ წარადგინა სდსს-ს წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იმავე ხარჯებს გასწევდა, რასაც თემურ ჯანაშიას ხელმძღვანელობისას. ადვოკატის ინფორმაციით, სდსს-ს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ გაწეული ხარჯები პროკურატურაში ინახება და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პროკურატურას მოუწევს ისინი სასამართლო პროცესზე წარმოადგინოს.

„ამ საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვს, ანზორ ჩუბინიძეს და ბიძინა ივანიშვილს კი – არა, რაც ნიშნავს იმას, რომ თემურ ჯანაშია უდანაშაულოა და მის მიმართ ხორციელდება შერჩევითი სამართალი პოლიტიკური ნიშნით. ამ წერილის საფუძველზე პროკურატურა ვალდებული იქნება 2013 წლის 25 თებერვლის შემდგომი ხარჯები გაასაჯაროოს და წარადგინოს სასამართლოში, ამის შემდეგ ჩვენი მართლმსაჯულება ნათლად დაინახავს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე საპნის ბუშტია, რომელიც დღეს მიმდინარე სხდომაზე გასკდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენები ვხედავთ, რომ ინვესტიციები ნამდვილად მეტი შემოდის-გიორგი ჭირაქაძე
შემდეგი სტატიაგეი-კლუბზე თავდამსხმელი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პირველად 2013 წელს დაკითხა