“ე.წ. კაბელებისა და “რუსთავი 2“ – ის საქმეებთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია”

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, ე.წ. კაბელებისა და “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია.

მისი თქმით, მოსამართლეებისთვის უცნობია, ვინ შეცვალა ისინი.

“პარასკევს შემოსული სარჩელი დარეგისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ მოსამართლეებს არ შეიძლება, სცოდნოდათ, თუ როგორ, რატომ, ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ სარჩელების გამოცვლა. ორი სარჩელია აქ დღის წესრიგში და ორივე სარჩელთან დაკავშირებით არის ეჭვები. ვინ შეცვალა მე არ ვიცი, ამის გამო ვიკრიბებით, რომ ეს დავადგინოთ და გადავწყვიტოთ”, – განაცხადა ტურავამ.

ტურავას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, სარჩელების რეგისტრაციის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო.

“რეგისტრაციის პროცესი ამ საქმესთან დაკავშირებით – კაბელების საქმეს ვგულისხმობ, განხორციელდა არა მარტო კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით, არამედ აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ნებისმიერი ეტაპი ცნობილი იყო ამ პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლისთვის”, – აღნიშნა ვარძელაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენუმი შიდაკონსულტაციების რეჟიმში მსჯელობას აპირებს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 5 აგვისტოს კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს