მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი დაკითხვაზე იბარებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს უწყება პარლამენტის წინ მიუტანეს, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან – ზაზა სარალიძესთან ერთად, წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავს.

მაჩალიკაშვილმა უწყება ჩაიბარა, თუმცა, მას ხელი არ მოუწერია. მისი თქმით, უცნობია, თუ რატომ იბარებენ დაკითხვაზე.

ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ვახტანგ გომელაურის უწყებაში იბარებენ. მასთან ერთად სუს-ში დაბარებულია მორის მაჩალიკაშვილიც.

მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “ბარდაგს” უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებაში მისი მტრები მუშაობენ.

„უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
შემდეგი სტატია“ზუგდიდი გადავქციოთ მსოფლიოს დედაქალაქად”-ზვიად სიჭინავა ვიდეომიმართვას ავრცელებს