დონალდ ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა.

ამასთან დაკავშირებით აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე რამდენიმე განცხადება გაავრცელა.

ტრამპის თქმით, მან აშშ-ის ისტორიაში მოქმედ პრეზიდენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

„ეს ციფრები მოქმედი პრეზიდენტისთვის რეკორდულია, დემოკრატები ვერაფრით გაიმარჯვებდნენ, გარდა იმ გზისა, რასაც ახლა ვიგებთ – გაყალბებული არჩევნები!“ – წერს დონალდ ტრამპი.

კიდევ ერთ განცხადებაში აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ ჯორჯიის შტატში ათასობით დასათვლელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.

„ათასობით დასათვლელი ბიულეტენი აღმოაჩინეს ჯორჯიის შტატის რაიონებში. როდესაც ხელმოწერები გადამოწმდება, ეს შტატი რესპუბლიკელები გახდება, ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტის თქმით, უახლოეს ხანში მისი ადვოკატები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრესკონფერენციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს, თუმცა დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და შედეგებს რამდენიმე შტატში ასაჩივრებს.

ჯორჯიის შტატი ერთ-ერთია, სადაც კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობაა და ბიულეტენების ხელით გადათვლა გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიისანი-სამგორში, ნადარეიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაპროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ შავაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა