დიპლომატიური შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2017 13:08

დიპლომატიური შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტ. ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტ. ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობებში გამოკვეთილ მზარდ დინამიკას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიმდინარე პრიორიტეტებს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკას და ასევე, რეგიონალურ საკითხებს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანელ პარლამენტარს გერმანიის ფედერალური მთავრობისა და პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბუნდესტაგის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ, საქართველოს წინაშე და ზოგადად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მკაფიო და უმნიშვნელოვანეს გამოხატულებას წარმოადგენს.

ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლის აღნიშვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორ ქვეყანასა და ხალხს შორის კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ფრანც იოზეფ იუნგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანაა დემოკრატიული განვითარების პროცესში მიღწეული შთამბეჭდავი წარმატების გათვალისწინებით. მან ქართულ მხარეს აგრეთვე დაუდასტურა გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამას გარდა, გერმანელმა პარლამენტარმა გამოხატა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

ბუნდესტაგის დეპუტატი 2017 წლის 14-დან 17 აგვისტოს ჩათვლით სტუმრობს თბილისს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2017 13:08