დიმიტრი ქუმსიშვილი : ,,თბილისის აეროპორტში დაფრენა-აფრენისას მგზავრებს აღარ ექნებათ ცუდი შეგრძნება“

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია და მისი ოფიციალური გახსნა 12 დღის შემდეგაა დაგეგმილი. ამჟამად მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის დაგება. აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები 23 ივნისს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
პირველი ვიცე-პრემიერი არსებული მდგომარეობით კმაყოფილი დარჩა. მან მადლობა გადაუხადა აეროპორტის მმართველ კომპანიას „ტავ ჯორჯიას“, სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუფს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ უწყებებს – „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და „საქაეროგავიგაციას“ შესრულებული სამუშაოებისათვის და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობლივი შრომით იყო შესაძლებელი ესოდენ რთული პროექტის განხორციელება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამუშაოების დასრულება ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტში დაფრენა-აფრენისას მგზავრებს აღარ ექნებათ ის ცუდი შეგრძნება, რაც აქამდე ჰქონდათ. მისი თქმით, განხორციელდა 3 კმ. სიგრძის ახალი გზის დაგების ტოლფასი სამუშაო. „თბილისის აეროპორტში ყოველდღე 10:00 საათზე იწყებოდა სამუშაოები და უკვე 20:00 საათიდან აეროპორტი იღებდა რეისებს. ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, თბილისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა, სახელმწიფო კომპანიების „საქაერონავიგაციისა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, აგრეთვე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა.

შესრულებული სამუშაოები:

სამიმოსვლო ბილიკზე „ბრავო“ დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.

სამიმოსვლო ბილიკ „ჩარლის“ 560 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა სათანადო მარკირება.

სამიმოსვლო ბილიკის „ეკო“ 90 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის სამივე ფენის გადაგება. მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (31L კურსით) 450 მეტრიან მონაკვეთზე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის სამივე ფენის გადაგება. აღნიშნულ მონაკვეთზე დამონტაჟდა სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.

სამიმოსვლო ბილკის „ალფა“-ს ბოლო 190 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის ფარგლებშიც მოხდა ასფალტის შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება, რის შემდგომ გადაეგება მესამე ფენა, დამონტაჟდება სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდება სათანადო მარკირება.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (31L კურსით და 13R კურსით) მომდევნო 2550 მეტრიან მონაკვეთზე მთლიანად დასრულდა პირველ ეტაპისთვის განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოები (შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება), რის შემდგომ დამონტაჟდა სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟრიძე – პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსების უფლებები
შემდეგი სტატია“იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დაინიშნა