დიმიტრი ხუნდაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

პარლამენტში ამ წუთებში საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვა მიმდინარეობს. უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი გარკვეულ რისკებს შეიცავს და ის კენჭის ყრისას, ან მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, ან უარს საპარლამენტო მანდატზე იტყვის.

„ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. სხდომაზე შევეცდები დავაყენო ის კითხვები და ის რისკები გავაცნო არა მხოლოდ პარლამენტარებს, არამედ საზოგადოებასაც, რა რისკების წინაშეც შესაძლოა ნაჩქარევი გადაწყვეტილებით დადგეს ქვეყანა.

ამ კითხვებზე მოვითხოვ პასუხს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იქნება ამომწურავი პასუხები, რომლებიც გავლენას იქონიებს ჩემს გადაწყვეტილებაზე. მინიმუმ არ დავუჭერ მხარს და თუ ვინმე შეეცდება, გადამარწმუნოს ან მაიძულოს რომ ეს გადაწყვეტილება მივიღო, არ დამენანება და ამისთვის შემიძლია, დავტოვო მანდატი“ – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, გადავადდეს საარჩევნო კანონპროექტის განხილვა და გარკვეული საკითხები უმრავლესობის სხდომაზე განიხილონ. თუმცა, მან არჩილ თალაკვაძისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის ცვლილება დააანონსა, რომელიც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნულ პროცენტაინი ბარიერით გულისხმობს.

არსებული საარჩევნო კანონით კი, საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი — მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი ხმა მიიღო. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტი დააგროვა.

banner
წინა სტატიაშიპირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს იმ საქმის ხორცშესასხმელად
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება