დიმიტრი ჯაიანი 70 წლის გახდებოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2020 17:50

დიმიტრი ჯაიანი 70 წლის გახდებოდა

2020 წლის აგვისტოს ამ დღეებში დიმიტრი ჯაიანის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ნაცვლად, ქართული საზოგადოება ტკივილით იგონებს მას. დიმა ჯაიანი 2017 წლის 9 დეკემბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს სახალხო არტისტს, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერს, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელს, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვან მსახიობს, ათეული წლების განმავლობაში მის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმიტრი (დიმა) ჯაიანს 70 წელი შეუსრულდებოდა.
მისი გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, აფხაზეთისთვის. დევნილობის პერიოდში დიმიტრი ჯაიანის მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე ამა თუ იმ როლის შესრულებისას, აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსა და ზრუნვას ეძღვნებოდა. იგი თამამი და გაბედული პიროვნება იყო, რომელიც ყოველთვის მკვეთრად გამოხატავდა საკუთარ აზრსა და პოზიციას. სწორედ ამიტომ გახდა დიმიტრი ჯაიანი როგორც აფხაზეთში, ასევე დევნილობაში გამოკვეთილი და აღიარებული ლიდერი, უამრავი საქმიანი შეხვედრის თუ მეგობრული თავშეყრის ორგანიზატორი, შეუცვლელი წამყვანი, ყველას ჭირისა თუ ლხინის გამზიარებელი…
დიმიტრი ჯაიანის პატრიოტული მუხტი, დაუღალავი ენერგია, შეძახილი, მისი გულწრფელი ემოცია, გარეგნული ხიბლი დააკლდა აფხაზეთის ქართველობას, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხვედრის, მისი მოსმენის საშუალება. დიმიტრი ჯაიანი დააკლდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, სადაც მრავალი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავდა.
მარადიული ხსოვნა ჭეშმარიტი პატრიოტის დიმიტრი ჯაიანის სახელს!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 25, 2020 17:50