,,დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება არჩეული “

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინადადებით გამოდის, რომ ქართულ დიასპორებს საქართველოს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ.

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ დიასპორებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე დიდ ჯიხაიშში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის მოსაზრებით, დიასპორის სახლები უნდა შეიქმნას, სადაც უცხოეთიდან დაბრუნებულ თანამემაულეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას გაუწევენ.

„მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნონ. ეს პირველი ნაბიჯია, რომ სამშოლოსა და თანამემამულეებს შორის უხილავი კავშირი დაკარგული არ იყოს. ახლა რეალურ ზომებზე უნდა გადავიდეთ, რომ დიასპორა ამ ქვეყნის ნაწილი გახდეს. ერთი ასეთი იდეა დიასპორის სახლია. ქვეყანა დაბრუნების ტალღისთვის მზად არ არის და ამას პროპაგანდას არ უნდა ვუწევდეთ, მაგრამ ვისაც ამის სურვილი და მზადყოფნა აქვს, მათთვის დიასპორის სახლი უნდა არსებობდეს, როგორც იუსტიციის სახლი გვაქვს სხვადასხვა ადგილას, სადაც ადამიანი ჩამოვა და ყველაფერს გაიგებს იმის შესახებ, როგორ იქნება მისი დაბრუნების სხვადასხვა ეტაპი. ეს იქნება დასაქმების ტრენინგები, ასევე სად შეიძლება ბინების დაქირავება, როგორ შეიძლება რეგიონში დაბრუნება და ასე შემდეგ. ხელშეწყობა ფინანსური კრედიტებით უნდა იყოს მათთვის, ვინც ნიუ-იორკიდან რეგიონში დაბრუნდება. მზად უნდა ვიყოთ, რომ მათ აქტიურად დავეხმაროთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოში ის ახალგაზრდები უნდა დაბრუნდნენ და დაწინაურდნენ, რომელთა სწავლა სახელმწიფომ დააფინანსა.

„აქ უცხოეთში მიღებულ განათლებულ ადამიანებს დიდად არ ელოდებიან, მათ მიმართ შიში თუ ეჭვია, რომ აქტიურ ცხოვრებაში მთლიანად არ შემოვიყვანოთ მაშინ, როცა ჩვენი თუ პარტნიორების თანხები გადახდილია, რათა დაეფინანსებინათ. უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას უნდა გამოადგნენ, ამისთვის მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. ხშირად საჯარო სამსახურიდან მიდიან, ისინი უნდა დააბრუნონ და დააწინაურონ, რადგან ჩვენი ფინანსები ამისთვის იქნება დახარჯული. ამასთან, პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერსების დამცველი, რეალური ხმა იქნება და ეს ის გამოცდილებაა, რაც იტალიასა და საბერძნეთს აქვთ“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი სენაკში
შემდეგი სტატია,,როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი”