“დღევანდელი ხელისუფლება სანდრო გირგვლიანის სახელის გამოყენებით მოვიდა”

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს პირობა მისცა, რომ მისი მოძრაობის მხარდაჭერას, ის არასოდეს ინანებს.

აღნიშნულის შესახებ პაატა ბურჭულაძემ მოძრაობის დღევანდელ ყრილობაზე ისაუბრა, რომელსაც თავად გურამ გირგვლიანი ესწრებოდა.

“მეუხერხულება კიდეც, რომ დღეს აქ სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ზის. იმ სანდრო გირგვლიანისა, რომლის სახელის და გვარის გამოყენებით მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება. ბატონო გურამ, მე გაძლევთ პირობას, მურუსიძის სინდრომს ჩვენ კანონიერად გავაქრობთ. მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არასოდეს ინანებთ, რომ დღეს აქ ზიხართ. მე ვაძლევ პირობას ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობის აღდგენას დაპირდნენ, მაგრამ ეს დღემდე არ მომხდარა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც გავაპროტესტეთ მურუსიძის დანიშვნა. თავიდანვე ავტეხეთ განგაში, რადგან ცხადი იყო, რომ გირგვლიანის მოსამართლით – მურუსიძით ბრუნდებოდა “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” სახით”,- აღნიშნა ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც მხარდამჭერებს მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოსთან გარდაცვლილი იპოვეს. სტრასბურგში არსებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას “აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელესთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გირგვლიანის საქმეზე მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2014 წელს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ეკა ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერად აირჩიეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას მოძრაობის ახალი წევრები წარუდგინა