დღეს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის პროცესი გაგრძელდება

19 წლის ფეხბურთელის , გიორგი შაქარაშვილის სასამართლო პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდებულები დაიკითხებიან. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი, მხარეები სასამართლოს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები მზად არიან, სასამართლოს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.

“ბოლო სასამართლო პროცესზე დაიკითხა მხოლოდ ზ.ხ. ამ სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, დაიკითხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი მერაბიშვილი, ასევე, სხვა დანარჩენი ბრალდებული პირები. თუ იქნება საშუალება, შესაძლებელია, რომ ყველა საქმეში ბრალდებული პირის დაკითხვა მოხდეს, რითიც დამთავრდება მთლიანად სასამართლო გამოძიება და გადავალთ დასკვნით სიტყვების ეტაპზე”, – ამბობს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი, როსტომ კერესელიძე.

არასრულწლოვანი ლ.შ,-ს ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის თქმით, დაცვის მხარე სხდომაზე შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს.

“სხდომაზე რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას დაცვის მხარე არ აპირებს. არ არსებობს ამ ეტაპზე ახლად გამოვლენილი გარემოება, მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მხარე წარვადგენდით შუამდგომლობას”.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში სასამართლო ცალკე იხილავს ფეხბურთელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეს. დაცვის მხარემ გუშინ, 15 ოქტომბერს ამ პროცესზე შესავალი სიტყვა უკვე წარადგინა. სხდომაზე მოწმე ვანო თეგაძეც დაიკითხა, რომელიც ნარეკვავის აგარაკზე წვეულების დასრულების შემდეგ იმყოფებოდა. დაცვის მხარის თქმით, ვანო თეგაძე ჩვენებაში ამბობს, რომ აგარაკზე გვიან ღამით მობრუნებულ ე.წ. ნახალოვკელების დაჯგუფების წევრებს აგრესია და მძიმე ფსიქოემოციური ფონი ვერ შეამჩნია.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს – ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება
შემდეგი სტატიასაზოგადოება დაიღალა სამართლიანობის მოთხოვნაში – ლია მუხაშავრია