დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის

დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება საკითხს, რა ვიდეოები იქნა გამოკვლეული, ეს არის პოლიტიკური საკითხები, როცა თანამდებობის პირები ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეხვედრებს ესწრებოდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩვენ გვესმოდა, რომ იქ რაიმე კრიმინალური, რაიმე კანონს მიღმა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ბადრი პატარკაციშვილთან არსებული საუბრები, ეს ჩანაწერები წარმოადგინა პროკურატურამ, ვიდრე პროკურატურა წარმოადგენდა, ეს ჩანაწერები ინტერნეტწყაროებში გავრცელებულია და იქ არავითარი დანაშაულებრივი არ იკვეთება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება თავად აქციის დარბევის საკითხს, წარმოდგენილი იყო მძიმე კადრები, თუმცა ეს იყო კონკრეტული პოლიციური ღონისძიების ფარგლებში არსებული გადაცდომები.

„მთავარი რა არის – არც ერთი ეს პოლიციელი, არც ერთი ის ადამიანი, თანამდებობის პირები იქნებოდნენ ეს თუ რიგითი თანამშრომლები, ვინც ჩვენ კადრებში ვიხილეთ, საქმეზე დაკითხული არ არის, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ფორმით, რაიმე ჩართულობა ჰქონდა ამ პროცესებში, არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, იმიტომ, რომ ამ საქმის ფარგლებში ის მძიმე კადრები, რაც ვიხილეთ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურას შეფასებული არ აქვს არც ერთ კონკრეტულ მოქმედ პირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა
შემდეგი სტატიაალექსანდრე თავართქილაძის ნოვაცია ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო საკვები დანამატი შექმნა