დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება

დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა. როგორც სუს-ი განმარტავს, ინფორმაციას ფლობს აღნიშნული პირების შესახებ და მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს გაატარებს.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი.

“საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. გამგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური იღებდა შესაბამის ზომებს (მათ შორისაა “პროფილაქტიკური საუბრები”). სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებულ იქნა რამდენიმე ასეული პირი. მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით, შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი. ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისა და შემოსვლის პრევენციის მიზნით, შსს-სთან თანამშრომლობით სათანადოდ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი. ხდება ვიზიტორებთან გასაუბრება. ყველა სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების/ნივთიერებების დეტექტორებით. პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგი, მათ შორის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის სფეროში”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ანგარიშს დღეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. დოკუმენტს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, უსაფრთხიების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს. პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატები ვახტანგ გომელაურის მისვლას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაერთსქესიანთა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს