დეზორიენტაცია ხელისუფლებაში: დოლიძე – აბაშიძის წინააღმდეგ

ბოლო დროს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა განცხადებები ამა თუ იმ თემაზე იმდენად განსხვავებულია, რომ ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ დეზორიენტირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დეზორიენტაციის ნიშნები გამოჩნდა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადებისათვის (ბორჯომის ხანძრის ლოკალიზებაში ოფიციალური თბილისისი მიერ დახმარების თხოვნის თაობაზე რედ.) ქართული მხრიდან პასუხის გაცემის დროსაც. ასე მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთისათვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს.
„ვფიქრობ, რუსეთის განცხადებებთან დაკავშირებით არ ღირს არანაირი კომენტირება. მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებულად გადავდგათ ნაბიჯები. არავითარი დახმარება ჩვენ რუსეთისთვის არ გვითხოვია. გაერო-ს ფარგლებში, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შემოეთავაზებინა დახმარება, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამის საჭიროება აღარ იყო,, აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
საპირისპირო განცხადება გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა – ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც თავის თავზე აიღო, რუსეთისათვის თხოვნით მიმართვის ,,მძიმე ტვირთი,,
,,ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას. გამომდინარე აქედან, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომელთა რიგებში არიან მეზობელი ქვეყნებიც. შედგა სატელეფონო საუბარი ჩემსა და ბატონ კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა ისეთი ტექნიკით დახმარების მზაობა, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა უფრო ეფექტურ რეაგირებას. ამის შემდეგ, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა. მიმართვის დროს დაცული იყო ყველა საჭირო ფორმალობა და პროცედურა. თუმცა, მოგვიანებით, ამის აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა. საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. კერძოდ, გასულ წლებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოსა და რუსეთის სამაშველო სამსახურებს ჰქონდათ შესაბამისი კომუნიკაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რეგიონებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ქართულმა მხარემ დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, გამოიყენა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი საშუალებითაც მოხდა სამაშველო დახმარების მოთხოვნა სტიქიის დროს“ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი,სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე ხუთწლიან მორატორიუმს ითხოვს