დეკანოიძე – ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა – უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას

ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა, უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ყველა ის ადამიანი საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს იწყება.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საეჭვო კალათაში უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო აღმოჩნდა.

„ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად რუსული ყაიდის ბოლო ოლიგარქია, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მთავარი ამოცანაა ოლიგარქის დასანქცირება. იგი ნაწილობრივ არის სანქცირებული, მათ შორის, შვეიცარიული ბანკის მიერ, რომელმაც მისი კაპიტალი საეჭვო კალათაში გადააგდო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამო არის იგი საეჭვო კალათაში.

ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა, უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას.

ეს არის ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი პოზიცია ექნება ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორს. შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის საეჭვო კალათაში გადაგდება მოხდა მხოლოდ იმ პოზიციის გამო, რომელიც აქვს მას. ასევე, იმ კაპიტალის საეჭვო წარმომავლობის გამო, რომელიც აქვს. არავის დავიწყებია, რომ ის იყო „გაზპრომის“ აქციონერი. არავის დავიწყებია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთელი კაპიტალი რუსეთში იყო მოგროვებული“, – აღნიშნავს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო კონფერენციას “დიდება უკრაინას” ხელისუფლებიდან არავინ ესწრება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, „ქვეყნის მტრები არიან“