დეკანოიძე – მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება

ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი – მოვუწოდებ მას ჩვენი მეგობრების, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და სურს ევროინტეგრაცია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება 24 ივნისამდე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მოკლე ვადაში ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საერთაშორისო ექიმების ჩამოსვლას და მის საზღვარგარეთ გადაყვანაზე მსჯელობას.

მისივე შეფასებით, პოლიტპატიმარი ჟურნალისტის შესახებ ასეთი მწვავე მოსმენები ევროპარლამენტში აქამდე არ ყოფილა.

“ყველა ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის იმ ჯგუფის, რომელსაც მიეკუთვნება “ქართული ოცნება” ძალიან მძიმედ აკრიტიკებენ საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და განსაკუთრებით ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ არსებულ სიტუაციას, ასევე, 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას უმძიმეს მკვლელობას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ. ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროინტეგრაციას, ღია კარს ევროპაში, მაგრამ ხელისუფლების მიმართ არის უმძიმესი დამოკიდებულება, ყველა ის ადამიანი ვიხილეთ გუშინ ტრიბუნასთან, რომელსაც “ქართული ოცნება” ყველაზე უფრო მძიმე ენით ამკობს. ტრიბუნასთან ვერ ვიხილეთ “ქართული ოცნების” მიერ ლოიალურად განწყობილი ვერც ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას,”- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, დებატებზე ასევე არაფორმალური მმართველობის პრობლემაც მწვავედ იყოს დასმული.

“ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ახდენს ძალიან მძიმე გავლენას საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე და ზუსტად ასეთი სიტყვებით ისაუბრეს ჩვენმა პარტნიორებმა. ამიტომ მათ იციან რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ ასევე ჩვენს პარტიასთან ასოცირებულმა პარტნიორებმა ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის, ქალბატონმა ფოტიგამ და კუბილიუსმა რომლებიც არიან სამიზნე “ქართული ოცნების”, ასევე ძალიან კრიტიკული იყო სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება “ქართული ოცნება”,- განაცხადა დეკანოიძემ.

წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიავოლსკი – გლობალური დაპირისპირებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, ადამიანის უფლებები დაცულია