დეგნანი – პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი

მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა. ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში. ვფიქრობ, 2019 წლის ივნისის მოვლენები იყო მტკივნეული ეპიზოდი ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ აძლევს ქვეყანას წინსვლის საშუალებას.

რაც შეეხება ბატონ მელიას, რა თქმა უნდა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმებაში შეთავაზებულია ბატონი მელიას გათავისუფლების საკითხის მოგვარება.

მე მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და აძლევს საქართველოს საშუალებას იმ უდიდეს გამოწვევებზე იმუშაოს, რაც ქვეყნის წინაშეა, მათ შორის ეკონომიკის აღდგენა, კოვიდთან გამკლავება და ბევრი სხვა გამოწვევა, რომელსაც სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელი-ახალსოფლის დამაკავშირებელ გზაზე