დედაბუდიანად ყველა მანდ ვართ – კასპის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორს 29 აპრილს აქციაზე თანამშრომლების წამოყვანა აქვს დავალებული

კასპის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი და ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი აღიარებენ, რომ 29 აპრილს დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე თანამშრომლების თბილისში წამოყვანა აქვთ დავალებული.

დირექტორსა და პედაგოგს მთავარი არხის ჟურნალისტი დაუკავშირდა და მათ უთხრა, რომ ის ქართული ოცნების ოფისიდან ურეკავდა.

“დედაბუდიანად ყველა მანდ ვართ. მე, ჩემი დები, დისშვილები, დისშვილიშვილები. ვიცი, რომ ტრანსპორტის ამბავიც მოგვარებულია. ჩემი ბაღიდან 26 ადამიანი მოვდივართ. თუ საჭირო იქნება, ხალხის დამატება შემიძლია. კასპის ბაღები ყველა მოდის”. – უთხრა მთავარ არხს კასპის მე-4 ბაგა-ბაღის დირექტორმა, დალი კოტეტიშვილმა.

არხის ჟურნალისტი კასპის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნონა იაძესაც ესაუბრა.

“არ ინერვიულოთ, მასწავლებლები მოდიან. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მოგვყავს. დირექტორს გასაუბრება აქვს და მერე შემოგვიერთდება, პირდაპირ იქ მოვა. პირადად მე რამდენიმე მასწავლებელს დავავალე, არანაირი უარი არ უთქვამთ და წამოვლენ. მეც პირადად მოვდივარ, იმის მიუხედავად, რომ ფეხზე ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული”. – უთხრა მთავარ არხს პედაგოგმა.

800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს – მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ოცნების კონტრაქციაზე

ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”.

მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, აქციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებული სანდრო ჯოხაძე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიათვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარედგინა – საქართველოს პროკურატურა