დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, დაკეტილი გამშვები პუნქტები გახსნან

დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ, დაკეტილი გამშვები პუნქტები გახსნან, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, კერძოდ ახალგორში არსებულ ვითარებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული განვითარებული სიტუაციით და გამშვები პუნქტების ჩაკეტვით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა იყო მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და ის შეემატა იმ ტრაგიკულ გარდაცვალებათა სიას, სადაც არის ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია, ბაშარული.

ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, რომ მოახდინონ ამ გამშვები პუნქტების გახსნა და არა მხოლოდ გახსნა, არამედ მოხდეს ნების დართვა, რომ განხორციელდეს ჰუმანიტარული დახმარება, ამ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა და ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების ხელმისაწვდომობა და შესვლა ამ ადგილებში იმისთვის, რომ გაეცეს პასუხი არსებულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა. მისი ინფორმაციით, მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა, შეუძლოდ გახდა, ის ახალგორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელიზაბეთ რუდი – აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალურ და მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში
შემდეგი სტატიაჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს და ძალას გაძლევს, გაუმკლავდე და ატარო ჯვარი