დავითულიანი: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ ყველას მოგვეცემა შანსი, რომ ერთხელ და საბოლოოდ, თავი დავაღწიოთ იმ უბედურებიდან, რასაც დღეს პუტინის რუსეთი ჰქვია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და უკრაინას და საქართველოს გამარჯვებას უსურვებს.

„მინდა ქედი მოვიხარო უკრაინელი გმირების წინაშე, მათ მიმართ, ვინც იცავს საკუთარ სამშობლოს და იბრძვიან როგორც უკრაინის, ასევე ჩვენი ქვეყნის და მთლიანად ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის მაგალითი და ის უბედურება, რაც იქ ხდება, გვიჩვენებს რომ ძალიან მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით რეალურად. როგორც ჩანს პუტინს სურდა გამხდარიყო სტალინი, ამ თავისი ქმედებით, მოიქცა ჰიტლერივით და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში დაასრულებს მილოშევიჩივით ან მისთვის უკეთეს შემთხვევაში, კიმ ჩე ნირივით. აქ მგონია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა არ ჩავყვეთ იმ ნანგრევებს, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან, წესით და რიგით, უნდა შეიქმნას. ჩვენი ამოცანაა ვიმოქმედოთ ისე, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი იყოს იმის გარანტი, რომ ჩვენ შევძლებთ სწორად გამოვიყენოთ ის შანსი, რომელსაც შექმნილი ვითარება გვაძლევს, გავძვრეთ იმ ფანჯარაში, რომელსაც მუდმივად შევნატრით უკანასკნელი 30 წელი და სწორ მომენტში ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავხდეთ დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრები. და არა პირიქით – გადავდგათ ისეთი ემოციური ნაბიჯები, რომლითაც 2008 წლის შედეგებს კი არ აღმოვფხვრით, არამედ გავაღრმავებთ. ამიტომ ყველას გვმართებს ემოციების მართვა, რაც ნამდვილად ძალიან რთულია ამ მომენტში ყველასთვის და ჩემთვისაც ამ დარბაზში და ცივი გონების, მიუხედავად იმისა, რომ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ უკრაინას, ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როგორც დასავლეთის ცივილიზაციის წევრს შეეფერება. მხარდაჭერას გამოვხატავ გმირი უკრაინელი ხალხის მიმართ, გამარჯვებას ვუსურვებ მათ და გამარჯვებას უსურვებ საქართველოს. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ჩვენ ყველას მოგვეცემა შანსი, რომ ერთხელ და საბოლოოდ თავი დავაღწიოთ იმ უბედურებიდან, რასაც დღეს პუტინის რუსეთი ჰქვია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბოტკოველი – ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინელებისათვის მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიახოჯევანიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – საქართველო ირჩევს დასავლეთს ან მივექანებით „ახალ საბჭოთა კავშირში“, დროა გამოფხიზლდეთ და ეროვნული ინტერესები ყველა პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენოთ