დავით ზურაბიშვილი – დავით ნარმანიას თბილისელებში ნდობის კრედიტი ამოწურული აქვს

თბილისის საკრებულოს დეპუტატს „რესპუბლიკელების“ წევრს დავით ზურაბიშვილს შექმნილ სიტუაციაში ყველაზე სწორ გამოსავლად თბილისის მერის დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა მიაჩნია, რადგან მას „ამოწურული აქვს ნდობის კრედიტი თბილისელებში“. ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც დეპუტატების წინაშე თბილისის მერი დავით ნარმანია უნდა წარსდგეს.

„თუ ის თავისი ნებით გადადგება, ეს მოხსნიდა ბევრ პრობლემას, დაინიშნებოდა არჩევნები და თბილისელები აირჩევდნენ იმ მერს, რომელიც მათი ინტერესების გამომხატველი იქნება. ეს იქნება არსებულ სიტუაციაში სწორი გამოსავალი, რამდენადაც ნარმანიას სრულიად ამოწურული აქვს ნდობის კრედიტი თბილისელებში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრიდან მას დიდი მოლოდინები არ აქვს.

რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, თბილისის მერის მიმართ უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, დავით ზურაბიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, საჭიროა 24 დეპუტატის ხელმოწერა, ეს კი ვერ მოხერხდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. ამიტომ ზურაბიშვილს არსებულ სიტუაციაში ამის განხორციელება არარეალისტური ჰგონია.

მისი თქმით, აღნიშნულ ხელმოწერებს „რესპუბლიკელები“ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ გამოჩნდება, რომ ინიციატორებს აკლდებათ მხოლოდ „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერა, ანუ 24 კაცის შესავსებად მათ „რესპუბლიკელი“ დეპუტატების ხელმოწერაღა დააკლდებათ.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ შევუერთდებით და ხელს მოვაწერთ ამ ინიციატივას“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს
შემდეგი სტატია,,მერი, რომელიც ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებს, არ უნდა წარმოადგენდეს ამ ქალაქს”