დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-სე სესიის ვირტუალურ შეხვედრაში

2020 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-სე სესიის ვირტუალურ შეხვედრაში.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური მულტილატერალიზმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და აღნიშნა, რომ მულტილატერალიზმი ყველა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს ემსახურება სიდიდის, ადგილმდებარეობისა და ეკონომიკური განვითარების განურჩევლად.

„მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა უნდა იყოს მუშაობის სახელმძღვანელო ინსტრუმენტი, რათა მიმდინარე კრიზისს ეფექტურად ვუპასუხოთ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სრული დაცვით“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტერიალზე ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არსებულ მძიმე ვითარებაზე.

მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია აქტიურად განაგრძობს პროვოკაციულ ნაბიჯებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მიზნით, როგორც ჩვეული, ასევე ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენებით და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ახდენს ოკუპირებულ რეგიონების იზოლირებას და ამით კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილზე არსებულ ადამიანის უფლებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ზალკალინმა თავის კოლეგებს ასევე შეახსენა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის წარსული შემთხვევების გამო სამართლიანობის არარსებობა კიდევ უფრო ხელს უწყობს დაუსჯელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მინისტრმა გამოსვლაში დასძინა, რომ ამ მოვლენების პარალელურად, რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს, ასევე კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ.

„ნება მომეცით ხაზი გავუსვა ამ საგანგაშო მოვლენებზე ევროპის საბჭოს მხრიდან რეაგირების მნიშვნელოვან როლს. ამასთან, მინდა მივესალმო გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებს და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა კიდევ უფრო ინტენსიური ძალისხმევა, რათა საერთაშორისო მექანიზმებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ოკუპირებული რეგიონები“ – განაცხადა ზალკალინმა.

სესიაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წევრი, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ჩართულობის კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეშვეობით.

გამოსვლის დასასრულს, ზალკალინმა საბერძნეთის რესპუბლიკას წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა და მიესალმა მინისტრთა კომიტეტის გერმანიის მომავალ თავმჯდომარეობას.​

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს