დავით სერგეენკო დავით ბაქრაძის განცხადებას პასუხობს

ქვეყნის ბიუჯეტის და მისი პარამეტრების დამტკიცება ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პენსიებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, დავით ბაქრაძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი ცვლილება რეალისტური და რეალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული უნდა იყოს.
“ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის ბიუჯეტის და მისი პარამეტრების დამტკიცება ცალსახად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. ჩვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო შევასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს. როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალურად იქნას გაანალიზებული კერძოდ ვისი შემოსავლები გაიზარდა. მათი ვინც წესრიგს იცავს, მათი, ვინც უბედური შემთხვევების დროს საგანგებო რეაგირებას აკეთებს, თუ უბრალოდ ჩინოვნიკების. გადაწყვეტილების მიმღებია პარლამენტი, ჩვენ ვასრულებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც პარლამენტი მიიღებს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეიდან პენსიის 50 ლარით გაზრდის მოთხოვნით კამპანიას იწყებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული მოთხოვნით სპეციალური პეტიცია შემუშავდა, რომელზე ხელმოწერაც ნებისმიერ პენსიონერს შეეძლება.

 

banner
წინა სტატიაში“ისლამურ სახელმწიფოს” ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული კავშირები აქვს. ჩვენ გეოგრაფიულად ამ გზაჯვარედინზე ვართ”
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ფასი 2.4010 ლარია