დავით გერლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

კანონიერ ქურდობასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბრალდებულის, დავით გერლიანის (ჩაჩიბაია) პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა კანონიერ ქურდობასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბრალდებულ დავით ჩ.-ს მიმართ.

სასამართლომ კანონიერი ქურდობის ბრალდების ნაწილში დავით ჩ. უდანაშაულოდ სცნო, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სასჯელის სახედ და ზომად შეუფარდა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

“ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, სასამართლომ ჯარიმის ოდენობა შეამცირა და საბოლოოდ დავით ჩ.-ს ჯარიმის სახით 6500 ლარის გადახდა დაეკისრა. ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იყო საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის კანონიერი ქურდობისთვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით”,-ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გამყარდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის