დავალიანების გრაფიკის დარღვევის გამო „კავკასიას“ ყადაღა ავტომატურად დაედო, თუმცა ინკასო გამოყენებული არ არის

ტელეკომპანია „კავკასიის“ ქონებას ყადაღა დაედო.

როგორც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიას დავალიანების დაფარვის გრაფიკი ჰქონდა შედგენილი, რომლის სისტემური დარღვევის გამო, მასზე ყადაღა ავტომატურად გავრცელდა.

„ტელეკომპანია „კავკასიას“ დავალიანების გამო გაფორმებული ჰქონდა გრაფიკი, ვინაიდან, მოხდა გრაფიკით გათვალისწინებული პირობების სისტემურად დარღვევა, მასზე ავტომატურად გავრცელდა ყადაღა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არ მოვახდინეთ „კავკასიაზე“ ინკასოს დადება, რადგან უკვე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ საქმე ეხება თავისუფალი სიტყვის პრინციპების დაცვას ქვეყანაში და ჩვენ ვხელმძღვანელობთ შესაბამისი მიზნებით, რაც ნიშნავს, რომ არ გავავრცელეთ ეს კავკასიაზე“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური მსგავსი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, სხვა საინფორმაციო თუ მედიასაშუალების მიმართაც ასევე მოიქცა.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, „კავკასიაზე“ ყადაღა ავტომატურად დღეს დილით გავრცელდა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კი, მაშინვე დაუკავშირდნენ ტელეკომპანიას და ამის შესახებ აცნობეს.

„მათ ჩვენგან გაიგეს ინფორმაცია, რომ ყადაღა გავრცელდა გრაფიკის დარღვევის გამო. შევთავაზეთ, რომ ყადაღის მოსახსნელად უნდა გაფორმდეს ახალი გრაფიკი ან უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა. მათ მიიღეს ეს წინადადება, უკვე მომართული აქვთ შემოსავლების სამსახურისთვის ახალი განცხადებით გრაფიკთან დაკავშირებით“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა და აღნიშნა, რომ განცხადება პრაქტიკულად უკვე დამუშავებულია.

banner
წინა სტატიაშიგენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიაოპოზიციის ბრალდებებს კახა კალაძე იუმორით და საპასუხო სატელეფონო საუბრით პასუხობს