დაუშვილი – შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პარტიები გამოიყენოს

შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პოლიტიკური პარტიები გამოიყენოს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მან არ იცის, რა საჭიროება აქვს მიხეილ სააკაშვილს და სად უნდა უმკურნალონ.

„ოცნება“ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ სასჯელის აღსრულება უზრუნველყონ და თან, ეს სასჯელი აღსრულდეს ისე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას, მიიღოს მან ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი და არავითარი კითხვა არ გაჩნდეს მის უფლებრივ მდგომარეობაზე. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ეს პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რაც საჭიროა უნდა გააკეთონ, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ იყოს”, – განაცხადა დაუშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, დეპუტატები თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, იმისთვის, რომ სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ მკურნალობა მოხდეს, რის შემდეგაც ქვეყანაში დაბრუნდება და სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება. დაუშვილი აცხადებს, რომ მას რაიმე დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა, ამბობს, რომ თავდებობაზე ხელს არ მოაწერს, რადგან მსგავსი რამ ნდობის გარეშე არ ხდება.

“რაც შეეხება თავდებობას, ასეთი არც შემოთავაზება და არც დოკუმენტი არ მიმიღია, მაგრამ რომც მივიღოთ, მე პირადად ამ თავდებობას ხელს ვერ მოვაწერ, ადამიანს ან ორგანიზაციას უნდა ენდობოდე, რომ როცა რაღაცას ხელს აწერ, რასაც აწერ, ეს იქნება ასე და პირველ რიგში, უნდა იყო დარწმუნებული, რომ ამის საჭიროება არსებობს. მე არ ვიცი, არსებობს თუ არა საჭიროება, რადგან ერთი მხარე თავის ისტორიას ყვება, მეორე თავისას, ამიტომ კეთილი ინებოს და “ოცნებამ” პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. ბოდიში, მაგრამ ნდობის გარეშე, ვერავის ვერაფერზე ხელს ვერ მოვუწერ,”- განაცხადა დაუშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში ტერაქტი აღკვეთა და მისი ორგანიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიაუკრაინის პოლიციამ ტარიელ ონიანის ნათესავი, ასევე “კანონიერი ქურდი” დააკავა