დანაშაულის პრევენცია, თუ პროვოცირება?! – სუს-ის სპეცოპერაცია წალენჯიხაში

წალენჯიხაში, “ქართული ოცნების” მხრიდან, კაგებეშნიკური მეთოდებით, ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტის “გაშავების” მცდელობასა და საზოგადოებაში მცდარი აზრის დამკვიდრებას ჰქონდა ადგილი.

როგორც აღმოჩნდა, “ოცნება” მერიაში “საკუთარ ხალხს” იმდენად არ უფრთხილდება, რომ ერთ ფრაზას, “კორუფცია წალენჯიხის მერიაში“ – შესწირა ორი “ცხვარი”, რამლებთანაც თვეების განმავლობაში თანამშრომლობდა სუსი-დან სპეციალურად მოვლენილი აგენტი.

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ისინი, მზად არიან საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ დანაშაულის პრევენციის ნაცვლად, დანაშაულის პროვოცირება მათთვის მიუღებელია.

“მათი ამოცანა ჩემი და ჩემი გუნდის წევრების კორუფციაში მხილება იყო, თუმცა, როდესაც მიხვდნენ, რომ წალენჯიხის მერის გუნდი, “ქართული ოცნების” ჩინოვნიკებივით, ფულის საკეთებლად არ ვართ მოსულნი ხელისუფლებაში, მათ გაწირეს ორი რიგითი თანამშრომელი. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ დანაშაულს, მზად ვართ და ვალდებულებიც ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია დანაშაულის პრევენციის ნაცვლად მოხდეს დანაშაულის პროვოცირება.

ხსენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, მაგრამ მისი გასხვისების პროცედურა არ დაწყებულა. არ არსებობს აქტი, ინიციატივა, ან ხელმოწერა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა მიწის გასხვისება”, – განმარტა გიორგი ხარჩილავამ.

მისივე თქმით, მხოლოდ რიგით თანამშრომელს, არ შეუძლია მუნიციპალური უძრავი ქონების გასხვისება. აღნიშნულ პროცედურაში ერთვება საკრებულო, რის შემდეგაც ელექტრონული აუქციონი გაიმართება, სადაც შეუძლებელია ჩაერთოს მერია.

“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რეალურად რას ემსახურებოდა მერიის წინ, დემონსტრაციულად, რამდენიმე ათეული სამართალდამცავის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია”, – განაცხადა წალენჯიხის მერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა მერიის ორი თანამშრომელი დააკავეს. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულებს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა – ინფორმაცია თავად საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით Google-ის ინიციატივა „Women Techmakers“ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მთავრობას კვლავ აქებს და პროპაგანდისტულ განცხადებას აკეთებს