„დამიმტკიცე, რომ სულელის ამრჩევი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი სულელს არ აირჩევს“

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის უპირატესობის დასამტკიცებლად არასწორი არგუმენტი მოჰყავს. მისი თქმით, არ შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველმა შესაძლოა, არასწორი არჩევანი გააკეთოს.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი არაპირდაპირიც და პირდაპირიც დემოკრატიულია. ერთი წინაპირობაა – საქართველოში ეს უკვე ტრადიციაა. ამას რომ ცვლი, ამიხსენი, რატომ. იმას ნუ მეტყვი, რომ შენაო, ვიღაც სულელი არ აირჩიოო, ამას ნუ მაკადრებ. სხვანაირად ამიხსენი და ნუ გამოიყვან ისე, რომ ვიღაც ოდიოზური, სულელი, ავანტიურისტი – მე არ ავირჩიო, ქართველმა ხალხმა. სხვანაირად ამიხსენი და დამიმტკიცე, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მომაყენებ, რომ სულელის ამრჩევი ვარ მე და შენი 300 ხმოსანი კიდევ სულელს არ აირჩევს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან მარგველაშვილმა გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე გამოსვლისას პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარსარდლის ფუნქციაა.

„ყველაზე მეტად მე რაც მაწუხებს, ეს არის მთავარსადრდლის ფუნქცია. ქართული ჯარი დღესაც დგას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიის წინაშე. ქართველ ჯარისკაცს წინ უდგას ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ჯარისკაცს მთავარსარდალი არ უნდა მოუშალო. საუბარი მაქვს არა იმ მთავარსარდალზე, რომელიც კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, რომელიც თან მთავარსარდალია და თან ომის გამოცხადებაზე საბუთს რომ მიუტანენ, უფლებაც არ აქვს, ხელი არ მოაწეროს, არამედ რეალურ მთავარსარდალზე. ამ მთავარსარდალს სჭირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა “ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 15 000 ლარის სანაგვე ურნა დაიწვა
შემდეგი სტატიასკანდალი: რუსებმა თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოატყუეს