დაიგეგმა მოქმედებები – მერაბიშვილის დაკითხვის შემდეგ, პროკურორი დაგეგმილ ღონისძიებებს აანონსებს

პატიმრობაში მყოფი შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ოთხსაათიანი დაკითხვა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დასრულდა.

გამომძიებლებს მერაბიშვილთან კითხვები ჰქონდათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ საქმეზე. მერაბიშვილმა ჩვენება მისცა 2013 წლის დეკემბერში ციხიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.

“გამოძიების მიერ მოხდება მისი პასუხების ანალიზი. დაიგეგმება შემდგომი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ყველა პირი, ვისაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდა ივანე მერებაშვილის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, აუცილებლად დაიკითხება”, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, ამ გამოძიებას ფორმალური ხასიათი აქვს.

“მოიტანეს გამზადებული კითხვარი და ერთ-ერთი კითხვა, წინასწარ შედგენილი კითხვა იყო ამგვარი – იცოდით თუ არა რომ კამერები ჩანაწერს 24 საათის განმავლობაში ინახავს? ამით მოხდა იმის დეკლარირება, რომ ეს გამოძიება არის ფარსი და არავითარი შედეგი ამას არ ექნება. მათ აქვთ უკვე წინასწარ გამზადებული ვერსია, თუ როგორ უნდა აწარმოონ ეს საქმე და ამ გამოძიებას აქვს ფორმალური ხასიათი. მერაბიშვილმა დეტალებში აღწერა ციხიდან გაყვანის დეტალები”,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, დაკითხვის დროს საუბარი იყო ყოფილ მაღალჩინოსნებზეც. ვანო მერაბიშვილმა დაასახელა დარბაისელის, ფარცხალაძის და ციხეში მომუშავე იმ პირების გვარები, ვინც მონაწილეობდნენ მის გაყვანაში.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი ნანა ლეჟავაზე: „ეს არის გოგო, რომელმაც შეიძლება, ყველაფერი იკადროს!“
შემდეგი სტატია“ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგის გამო”